თორნიკე ჭეიშვილი: არალეგალური მიგრაცია თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევაა და გამონაკლისი არც საქართველოა. მიმდინარე წელს მიგრანტების რიცხვი დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ეს რაოდენობა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, არალეგალური მიგრაციის საკითხი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამოწვევაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.
„ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი გამოწვევა და გამონაკლისი ამ თვალსაზრისით არ არის საქართველო. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა დასკვნა არის ძალიან მარტივი, რომ სახელმწიფომ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. ჩვენ აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ სამართლებრივ გარანტიებს, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, რომელიც წინ უსწრებდა კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. ამ თვალსაზრისით იყო გამორჩეული, როგორც გასული წლის საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო სესიები. ვგულისხმობ რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას. მათ შორის განხორციელდა ცვლილებები უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. განხორციელდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კანონმდებლობა დაიხვეწა ამ თვალსაზრისით და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2025 წლის მაჩვენებელმა გადაუსწრო 2014-2024 წლების ჯამურ სტატისტიკურ მაჩვენებელს. საუბარია იმაზე, რომ გასული წლის განმავლობაში 1311 შემთხვევა გამოვლინდა უკანონო მიგრაციისა და ქვეყანა დაატოვებინეს ამდენივე უკანონო მიგრანტს“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
მისი თქმით, პრობლემის მასშტაბი ფართოა.
„დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა მოითხოვს იმას, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზოგადად, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა არის ძალიან ეფექტიანი და მიმდინარე წლის განმავლობაში, დაახლოებით 20%-ით უნდა შევამციროთ ჩვენ უკანონო მიგრაციის ზემოთ ხსენებული რაოდენობა, რაც გულისხმობს, რომ დაახლოებით 20 ათას მიგრანტს მოუწევს საქართველოს დატოვება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტში ისაუბრა. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.





