ზვიად შალამბერიძე: ლეგიტიმურად თუ არ მიიჩნევ მთავრობას, მას კონფერენციაზე არც ეპატიჟები. რაღაცები არ ჯდება იმ რიტორიკაში, რასაც ჩვენი ოპოზიციის ლიდერები ახვევენ ჩვენს საზოგადოებას
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ლეგიტიმურად თუ არ მიიჩნევ მთავრობას, მას კონფერენციაზე არც ეპატიჟები. რაღაცები არ ჯდება იმ რიტორიკაში, რასაც ჩვენი ოპოზიციის ლიდერები ახვევენ ჩვენს საზოგადოებას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, ვინაიდან ამერიკის მიერ რიტორიკა შეცვლილია საქართველოს მიმართაც, ეს აუცილებლად აისახება ბრიუსელზეც.
„როგორც კი ამერიკამ კომუნიკაცია შეარბილა რუსეთთან, მოლაპარაკებებშიც ჩაერთო, ურთიერთობის აღდგენა მოინდომა, ჩინეთთან ურთიერთობაზე მუშაობა დაიწყო, ბრიუსელის რიტორიკა მაშინვე შეიცვალა. ვნახეთ, რომ ჩინეთში რეისი რეისზე ჩადიოდა ევროპიდან ლიდერების შემადგენლობით, ასევე ვნახეთ ევროპელი ლიდერების რიტორიკა რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ვინაიდან ამერიკის მიერ რიტორიკა შეცვლილია საქართველოს მიმართაც, ეს აუცილებლად აისახება ბრიუსელზეც. საქართველოს მთავრობამ მოწვევა მიიღო მიუნხენის კონფერენციაზე. შარშან ეს მოწვევა არ გვქონია. რეალურად რაღაც შეიცვალა, ხომ?! დასკვნების გამოტანის საფუძველი გვაქვს. ის, რომ ვიღაცამ ლეგიტიმურად შეიძლება არ მიიჩნიოს საქართველოს მთავრობა, გამორიცხულია. ლეგიტიმურად თუ არ მიიჩნევ მთავრობას, მას კონფერენციაზე არც ეპატიჟები. რაღაცები არ ჯდება იმ რიტორიკაში, რასაც ჩვენი ოპოზიციის ლიდერები ახვევენ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე, რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.





