პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პრემიერის ინიციატივაზე პარლამენტი მუშაობას იწყებს. დღეს, პირველივე სხდომაზე საკანონმდებლო ორგანო სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ დროებით კომისიას შექმნის. კომისია 14 დეპუტატით დაკომპლექტდა, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია შვიდ-შვიდი წევრით იქნებიან წარმოდგენილი.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კანონმდებლები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და გზებზე, როგორ უნდა შემცირდეს ფასები.
მმართველი გუნდის შეფასებით, სამთავრობო კომისიასთან ერთად შექმნილი დროებითი კომისიის მიზანია, ფასებმა ალოგიკური ზღვრიდან ლოგიკურ ნიშნულამდე დაიწიოს და საზოგადოებისთვის ტვირთი შემსუბუქდეს.
„პარლამენტში შეიქმნება დროებითი კომისია, რომელიც იქნება მოწოდებული, რათა ის ალოგიკური ფასწარმოქმნა, რაც გარკვეულ შემთხვევაში 86 პროცენტსაც კი აღწევს საბაჟოდან კონკრეტული ქსელური მარკეტის დახლამდე, დაიწიოს იმ ლოგიკურ ზღვრამდე, რაც იქნება ნაკლებ ტვირთად ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არ შეეხება მხოლოდ პროდუქტებს, აქ იქნება მედიკამენტებზეც, საწვავზეც საუბარი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.





