ნინო წილოსანი „ენჯეოებზე“: წლებია ფინანსდებიან იმისთვის, რომ დეზინფორმაცია ავრცელონ, საზოგადოებაზე მავნე გავლენა ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, მუდმივ სიცრუეში ჰყავდეთ ჩვენი საზოგადოება
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სასაცილოა ამ ადამიანების თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, არიან თუ არა დარეგისტრირებულები ესტონეთში, კონკრეტულ რაღაც დანგრეულ შენობაში და თავად ამ შენობის გალამაზების მცდელობა, - განაცხადა ნინო წილოსანმა „ენჯეოების“ ნაწილის ესტონეთში რეგისტრაციაზე საუბრისას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ამ ორგანიზაციების მთავარი მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებაა.
„აქ არ არის საუბარი კონკრეტულად გელა მთიულიშვილის ორგანიზაცია არის თუ არა რეგისტრირებული - საუბარია კოლექტიურ გელა მთიულიშვილებზე. ეს არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც წლებია ფინანსდებიან იმისთვის, რომ დეზინფორმაცია ავრცელონ, საზოგადოებაზე მავნე გავლენა ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, მუდმივ სიცრუეში ჰყავდეთ ჩვენი საზოგადოება“, - მიიჩნევს წილოსანი.
საქართველოში აკრედიტებული საელჩოები „იმედის“ მიერ გაგზავნილ წერილზე უკვე მესამე დღეა დუმან.
„ქრონიკამ“ ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს შემდეგი კითხვით მიმართა:
„გაგიციათ თუ არა გრანტი თქვენ ან თქვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფონდებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე“.





