გურამ მაჭარაშვილი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ უცხოური თანხები ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობდეს
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ უცხოური თანხები ქართულ პოლიტიკაში არ მონაწილეობდეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ცნობილია რას ხმარდებოდა ევრობიუროკრატიიდან გადმორიცხული თანხები და ასევე, ისიც ცნობილია, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩის მეშვეობით ფინანსდებოდა საქართველოში რადიკალური პროცესები.
„როდესაც თავად ამერიკის შეერთებული შტატები, ასეთი ძლიერი ქვეყანა აუქმებს USAID-ს იმ მიზეზით, რომ ეს ორგანიზაცია სხვა ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებში ერეოდა, გასაგებია უკვე რაზედაც არის საუბარი. აშშ-ის მაშინდელი ელჩის მეშვეობით ფინანსდებოდა რადიკალური პროცესები. მათ შორის აღიარებულია რას ხმარდებოდა ევრობიუროკრატიიდან გადმორიცხული თანხებიც. აქაური აგენტურაც პირდაპირ აღიარებდა, რომ შეძენილი ჰქონდათ „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა და ა.შ.“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„გრანტების შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებსა და კიდევ ხუთ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.





