რატი იონათამიშვილი უცხოურ დაფინანსებაზე: ვინც როგორც არ უნდა შეეცადოს, რომ შავბნელი გზებით სცადოს კანონის გვერდის ავლა, ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
ვინც როგორც არ უნდა შეეცადოს, რომ შავბნელი გზებით სცადოს კანონის გვერდის ავლა, ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ვის მივცემთ ფულს და ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ მედიისა და სამოქალაქო სექტორის დაფინანსების საკითხში“.
რატი იონათამიშვილის თქმით, ასეთი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირმა გადაუხვია მის ფუნდამენტურ ღირებულებას, რომელიც კანონის უზენაესობას ეყრდნობოდა და ევრობიუროკრატები სწორედ კანონის გვერდის ავლით, შავი ხვრელებით ცდილობენ მათი მართული „ენჯეოებისთვის“ დაფინანსების მიწოდებას.
„საქართველოს მთავრობა კი არა, ქართველი ხალხი აკვირდება ამ ყველაფერს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ხელისუფლება და ქართველი ხალხი ერთად ვაკვირდებით იმისთვის, რომ ანტიქართული საქმიანობა ვერავინ განახორციელოს.
ასეთი საინტერესო პრაქტიკა ჩამოყალიბდა, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება იყო კანონის უზენაესობა. დღეს ევრობიუროკრატებისგან, რასაც ვხედავთ, ისინი ფეხქვეშ თელავენ კანონის უზენაესობის პრინციპს. საკუთარი თავები ჰგონიათ სტრასბურგის მოსამართლეებიც, პროკურორებიც, ადვოკატებიც და ყველაფერიც. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი განცხადებები ფასდაკარგულია ჩვენი საზოგადოებისათვის. ვინაიდან ყველა ხედავს საზოგადოება, რომ სინამდვილეში მათ არც მედია აინტერესებთ, არც სამოქალაქო სექტორი. სრულიად სხვა ინტერესები აქვთ და ამ სახელებს ამოფარებული ცალკეული ორგანიზაციები, რომლებსაც მართლა არანაირი კავშირი არ აქვთ არც მედია საქმიანობასთან, არც ადამიანის უფლებების დაცვასთან და არც დემოკრატიული პრინციპების გატარებასთან, რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის, რომ ისინი სინამდვილეში არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დღე და ღამე ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ ძალადობრივად, როგორ შეძლონ ხელისუფლების შეცვლა საქართველოში. ეს არის მათი ერთადერთი მიზანი და ამოცანა. სინამდვილეში არც მედიას წარმოადგენენ და არც „ენჯეოებს“. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთი ფარისევლური მიდგომები არის პოლიტიკაში, ეს იქნება აღკვეთილი. ვინაიდან უცხოური დაფინანსება, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში არის აკრძალული. და ეს აკრძალვა ყველგან, ვისაც აინტერესებს საკუთარი დემოკრატია და სუვერენიტეტი ძალიან მაღალი სტანდარტით არის არის დაცული. სწორედ ამიტომ ვინც როგორც არ უნდა შეეცადოს, რომ შავბნელი გზებით სცადოს კანონის გვერდის ავლა, ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





