შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ახალგაზრდებს ის კი არ ექნებათ საფიქრალი, საზღვარგარეთ წავიდნენ და როგორმე სხვაგან ისწავლონ, არამედ მათ აქ, საკუთარ საზოგადოებაში, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სასკოლო და უმაღლესი განათლება
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როდესაც ეს რეფორმა დაანონსდა, ითქვა, რომ ეს იქნება ისტორიული რეფორმა განათლების სისტემისა, რომელიც თვისებრივად შეცვლის სასკოლო და უმაღლეს განათლებას საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განათლების რეფორმაზე საუბრისას.
„ჩვენს ახალგაზრდებს ის კი არ ექნებათ საფიქრალი, საზღვარგარეთ წავიდნენ და როგორმე სხვაგან ისწავლონ, არამედ მათ აქ, საკუთარ საზოგადოებაში, მათთვის ნაცნობ სოციალურ გარემოში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სასკოლო და უმაღლესი განათლება. ეს არის ის მიზანი, რომელსაც დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს და მოქალაქეებს და ამას მივაღწევთ აუცილებლად. ამ მასშტაბების შესაბამისია ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იყო გახმოვანებული განათლების მინისტრის მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ ორივე უნივერსიტეტის თითოეულ პროფესორსა და სტუდენტს პატივისცემას უდასტურებს.
„თუ ვინმეს შეიძლება, ჰქონდეს გულწრფელი კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ხედავთ, რომ განათლების მინისტრი აქტიურია სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრის კუთხით, პრემიერ-მინისტრი პირადად არის ჩართული და ყველა გულწრფელ კითხვას გაეცემა პასუხი.
ჩვენ ვნახეთ ის ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები, რომლებსაც როგორც წესი, ამ დროს ემოციური კრიზისები ეწყებათ ხოლმე და ნებისმიერ საკითხს იღებენ საბაბად, რომ დაიცალონ ზიზღისგან. გუშინაც ეს ვიხილეთ - ზიზღის და სიძულვილის მთელი კასკადი, რომელიც მოედინება ამ ადამიანებისგან. ამ ადამიანებს ჩვენ ვერაფერს ვუშველით, ისინი საკუთარი ემოციური დაზიანების „ბაბლში“ არიან ჩაკეტილები, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება
გუშინ ვნახეთ, ამ რადიკალების ჯგუფი თითქოს, ამბობს, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვა გვინდაო და იქვე, იმავე აბზაცში აფრქვევენ ზიზღს იმავე უნივერსიტეტების პროფესურის, რექტორებისა და ხელმძღვანელების მიმართ. ისინი ზიზღს ავლენენ ორივე უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ - „თქვენ ჩვენთან არ იყავით აქციებზე, ახია თქვენზე, ასე მოგივათ, თქვე საზიზღრებო“. მათ ეზიზღებათ სტუდენტებიც, პროფესორებიც და ეს მხოლოდ საბაბია კიდევ ერთი სიძულვილის დღის მონიშვნისა, რომ შემდეგ რაპორტი გააგზავნონ საზღვარგარეთ და უთხრან, რომ , „აი, ძვირფასო დამფინანსებელო, დღეს ორჯერ შევაგინე, სამჯერ შევაზიზღე და 15-ჯერ სიძულვილი გამოვხატე. გთხოვთ, ჩარიცხოთ შემდეგო ტრანში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საკითხზე არაკომპეტენტური პირები მსჯელობენ.
„გუშინ ასევე ვნახეთ განათლების ექსპერტად წარმოდგენილი ზოგიერთი ადამიანი, და მათ სახელსა და გვარსაც კი არ წერდნენ, იმდენად უცნობი ადამიანები არიან. მას შემდეგ, რაც დაანონსდა განათლების რეფორმა, ვხედავთ ღრმად არაკომპეტენტურ მსჯელობას მათი მხრიდან. მაგალითად, რომ ჰკითხო, თითქოს, ამ სფეროში განათლებად აქვთ მიღებული და თავი კიტრად, მოაქვთ, თავი ექსპერტები ჰგონიათ. ერთადერთი, რაც თქვეს, „შენობების გაყიდვა“. ვსაუბრობთ უმაღლესი განათლების თვისებრივ რეფორმებზე, ხომ გაიგეს, ძირითადი კომპონენტები რა არის და ერთადერთი აზრი, რაც მოვისმინეთ, არის „შენობების გაყიდვა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





