ზვიად შალამბერიძე: დამერწმუნეთ, დავიწყებთ დებატებს, მოიძებნება კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დაჯდებიან ჩვენთან ერთად ეთერებში და ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს ჩვენი საზოგადოება
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: IMEDI/კადრი
დამერწმუნეთ, დავიწყებთ დებატებს, მოიძებნება კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დაჯდებიან ჩვენთან ერთად ეთერებში და ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს ჩვენი საზოგადოება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რამდენად არის მზაობა პრემიერის ინიციატივაზე დებატებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ველზე და შანსი იმის, რომ ასეთი ინსტრუმენტის გაჩენა პოლარიზაციას თუ არ დაასრულებს, შეამცირებს მაინც.
„ეს ინიციატივა ჩვენი მხრიდან პირველად არ გაჟღერებულა. პრემიერმა რამდენიმე თვის წინაც გააჟღერა ეს ინიციატივა. მაშინაც გაიყო ოპოზიციაში აზრი, როგორც ახლა და საბოლოოდ უარი თქვეს. რეალურად მათ წისქვილს ასხამს წყალს ის, რომ მონოლოგის რეჟიმში გამოდიოდნენ ოპოზიციურ არხებზე და პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდეს ხელისუფლებას. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თუ ვინმე ფაქტებით საუბრობს, ეს არის ხელისუფლება. როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაჯდება და მხოლოდ შეფასებებზე ისაუბრებს და ვერანაირ ფაქტს ვერ მოიყვანს, ან თუ რაიმე ფაქტს მოიყვანს, საპირწონედ ამას პასუხს აუცილებლად გავცემთ, ყოველთვის იქნებიან წაგებულ რეჟიმში. მათთვის ეს [დებატები] ხელსაყრელი არ არის.დამერწმუნეთ, დავიწყებთ დებატებს, მოიძებნება კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დაჯდებიან ჩვენთან ერთად ეთერებში და ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს ჩვენი საზოგადოება და ბევრ საინტერესო კითხვას გაეცემა პასუხი როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიციის მხრიდან“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.





