დავით ქართველიშვილი პრემიერის ინიციატივაზე: ეს არის ძალიან კარგი ტესტი - შემორჩა თუ არა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში ჯანსაღი ძალები. მომწიფდა დრო, დესტრუქციული ელემენტები მოშორდნენ ამ სფეროს
პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი
ფოტო: ვიდეო/კადრი
მომწიფდა დრო ყველაზე რადიკალური და დესტრუქციული ელემენტები მოშორდნენ ამ სფეროს და იმედია ვიღაც მაინც შედგა საქართველოში კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური აზროვნების მატარებელი პოლიტიკური წარმომადგენელი, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ - მინისტრის ინიციატივას დებატების საჭიროებასთან დაკავშირებით.
როგორ დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, ეს იქნება კარგი ტესტი, თუ რამდენად მზად არის ჯანსაღი დისკუსიისთვის ოპოზიციური სპექტრი.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო პრემიერ-მინისტრის. ეს არის დემოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელსაც მოკლებული იყო ჩვენი პოლიტიკური ველი, მოკლებული იყო ჩვენი ამომრჩეველი. იმიტომ, რომ თვით დისკუსიის და დებატების თემა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში გადაიქცა მუდმივი სკანდალების, სატელევიზიო რეიტინგების ამაღლების სფეროდ. პირდაპირ ეთერში ხულიგნობაზე გადადიოდნენ ხშირად და აბსოლუტურად მოკლებული იყო დისკუსიას დებატი, რისთვისაც არის გამიზნული - ეს არის კონსტრუქციული დიალოგი. დიალოგი მხარეების, რომლებიც ერთმანეთის შეურაცხყოფაზე არ გადადიან, რომლებსაც გააჩნიათ შინაგანი პოლიტიკური და პიროვნული კულტურა, ერთმანეთს მოუსმინონ, დაუსვან შეკითხვები, არ დაეთანხმონ პასუხებს მაგრამ შევიდნენ ამ პასუხის გააზრების კონსტრუქციულ დიალოგში. ამ ყველაფერს მოკლებული იყო ჩვენი პოლიტიკური ველი. იმის მიხედვით, რომ ეს ველი დასუსტებულია, რადიკალიზმის ტალღამ იკლო საქართველოში. შესაძლებელია ამ ფორმატს დავუბრუნდეთ. ყოველ შემთხვევაში მოვსინჯოთ და ვნახოთ რით დამთავრდება. შესაძლებელია ეს არაფრით დამთავრდეს, მალევე შეწყდეს და საერთოდ არ იქნას მოსმენილი პრემიერ-მინისტრის ეს შემოთავაზება ზოგიერთი ძალების მხრიდან. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან კარგი ტესტი - შემორჩა თუ არა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში ის ჯანსაღი ძალები, ელემენტარული კულტურის, ერთმანეთის მოსმენის, არა პოლიტიზებული დამოკიდებულების მქონე ძალები. თუ შემორჩა, ვნახოთ, ძალიან საინტერესო იქნება. ყოველ შემთხვევაში, მომწიფდა დრო ყველაზე რადიკალური და დესტრუქციული ელემენტები მოშორდნენ ამ სფეროს და იმედია ვიღაც მაინც შედგა საქართველოში კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური აზროვნების მატარებელი პოლიტიკური წარმომადგენელი“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.




