სოზარ სუბარი ბრიუსელზე: რა პოლიტიკასაც ატარებდა სხვის წინააღმდეგ, თავად აღმოჩნდა მისი მსხვერპლი
პოლიტიკა

სოზარ სუბარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რა პოლიტიკასაც ატარებდა სხვის წინააღმდეგ, თავად აღმოჩნდა მისი მსხვერპლი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ევრობიუროკრატიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, უსამართლო პოლიტიკა, რომელსაც ისინი საქართველოს მიმართ ატარებდნენ და ატარებენ დღესაც, ბუმერანგივით მიუბრუნდათ.
„ძველი რომაული გამოთქმა რომ გავიხსენოთ, ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს და ევროკავშირი აქამდე მიიჩნევდა თავს იუპიტერის როლში, მაგრამ უცებ ბედისწერის ირონიით აღმოჩნდა ხარის როლში, რომელსაც ისე ანაწილებენ, რომ არც არაფერს ეკითხებიან. 30 ჯარისკაცი რომ გააგზავნა ევროკავშირის 30-მა სახელმწიფომ გრენლანდიის დასაცავად, მგონი ეგ ძალიან სასაცილოა და კარგად მეტყველებს იმ კრიზისზე, რომელშიც ევროკავშირი იმყოფება. გასაგებია, რომ 13 გერმანელი თუ ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი რომ ჩავიდა, ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს, „აქ ჩვენ ვართ და ნუ შეგვეხებით“, მაგრამ ძალიან მალე დავინახავთ, რომ თუკი გადაწყვეტს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, არც სამოცდაათ ჯარისკაცს შეეკითხებიან და არც 300 ათასს, მისი გაგზავნის თავი რომ ჰქონდეს ევროკავშირს. შესაბამისად, რა პოლიტიკასაც ატარებდა სხვის წინააღმდეგ, აღმოჩნდა მისი მსხვერპლი თავად.
დღეს, როდესაც ევროპელი ლიდერების, ევროპელი მოსამართლეების დასანქცირება ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ამ ფონზე უცებ ევროკავშირი მიხვდა, რომ პოლიტიკა, რომელსაც მის მიმართ ატარებენ, თურმე, არ ყოფილა სამართლიანი. ზუსტად ასეთივე უსამართლო პოლიტიკას ატარებდნენ და ატარებენ დღესაც საქართველოს მიმართ. ეს მათ ბუმერანგივით მიუბრუნდათ და დღეს თავის თავზე იწვნევენ.
მეორე მხრივ, ევროკავშირის ორმაგი პოლიტიკა სხვა რამეშიც ჩანს. გუშინ თუ რუსეთზე ამბობდნენ, რომ მისი პრეზიდენტი არის კრიმინალი, ვინც არის ძებნილი საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რუსეთი ეს არის ბარბაროსული სივრცე, დღეს გერმანიის კანცლერი მერცი აცხადებს, რომ რუსეთი არის ღრმად ევროპული ქვეყანა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.





