შალვა პაპუაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში. როგორც გრენლანდიასთან და ვენესუელასთან არ ვართ შუაში, ასევე არ ვართ შუაში მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც დედამიწის ნახევარს შეეხო
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ საქართველოს მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ჩართული საქართველოს გაძლიერებასა და აღმშენებლობაში და არა სხვა ქვეყნების აღმშენებლობაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის მიერ მიგრაციის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
პაპუაშვილის თქმით, 90-იანი წლების განმავლობაში ადამიანური და ინტელექტუალური დიდი რესურსი გაედინა საქართველოდან, რომელიც დღეს ავითარებს სხვა ქვეყნების კეთილდღეობას, ამიტომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, აღმშენებლობის პროცესში ყველა მოქალაქე იყოს ჩართული.
„ამერიკის მიგრაციის პოლიტიკა არის შიდა საკითხი და მათი გადასაწყვეტია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ჩართული იყოს საქართველოს აღმშენებლობის პროცესში. დღეს ის ეკონომიკური რეკორდული ზრდის პროცესი, რაც საქართველოშია, მნიშვნელოვნად მოითხოვს, რომ ყველა მოქალაქემ იზრუნოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოს იმ 76 ქვეყანას, რომელსაც ეხება ამერიკის გადაწყვეტილება, სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს აშშ-სთან.
„მაგალითად აღნიშნულ სიაში არის სომხეთი, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ამერიკასთან. ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში, ვენესუელასთან და გრენლანდიასთან დაკავშირებით. როგორც გრენლანდიასთან და ვენესუელასთან არ ვართ შუაში, ასევე არ ვართ შუაში პრეზიდენტ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკასთან, რომელიც დედამიწის ნახევარს შეეხო “, - განმარტა პაპუაშვილმა.





