რატი იონათამიშვილი მაია სანდუს განცხადებაზე: მოლდოვას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც როგორც ჩანს სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე ოცნებობს
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ მაია სანდუს იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ემხრობა მოლდოვის რუმინეთთან შეერთებას.
როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, არ არის გასაკვირი, რომ მაია სანდუს მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების შემთხვევაში პრეზიდენტობის შემდეგ გუბერნატორის თანამდებობა სურდეს.
„სამართლებრივ სახელმწიფოში პრეზიდენტი უნდა იყოს სუვერენიტეტის გარანტი, მაგრამ მოლდოვას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც როგორც ჩანს სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე ოცნებობს. ეს სცენარი ჩვენ საქართველოს მაგალითზეც ვნახეთ, როდესაც სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და შემდეგ სხვა ქვეყნის პროვინციის გუბერნატორი გახდა. როგორც ჩანს ამ ორ ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ქალბატონი, რომელიც სხვა ქვეყნის ვასალობაზე ოცნებობს, საქართველოს მაგალითზე მხარს უჭერდა ძალადობრივ აქციას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს.




