ვატო შაქარიშვილი ახალაიას ინტერვიუზე: ეს ნებისმიერი ობიექტური მაყურებლისთვის არის აღიარება
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ეს ნებისმიერი ობიექტური მაყურებლისთვის არის აღიარება, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბაჩო ახალაიას ინტერვიუზე საუბრისას.
მისი თქმით, როდესაც ასეთი წარსული ადამიანზეა საუბარი და ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებები ემატება, ადვილია დასკვნების გამოტანა, რომ სწორედ ბაჩო ახალაია იყო ის ადამიანი, ვინც საქართველოში ძალადობრივ პროცესებს აორგანიზებდა.
„სწორედ ბაჩო ახალაია და მისი თანაგუნდელები იდგნენ საქართველოში 2012 წელს განუბაჟებელ ტვირთად სააკაშვილის შემოგზავნის უკან. სწორედ ბაჩო ახალაია და მისი თანაგუნდელები დგანან ქვეყნის არევის, დესტრუქციის, რევოლუციური სცენარების უკან. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ჯგუფებს, რომლებიც გამოდიან ქუჩაში და ამ პროცესებში არიან ჩართული, თვალებში ევრო-ამერიკულ ნაცარს აყრიან თვალებში“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი, გვარამია აგენტურული ქსელის ნაწილი არიან, გარკვეული წლების განმავლობაში ისინი ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ და ქვეყანაში აგენტოკრატია იყო.
„საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ აგენტები, რომლებსაც მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული ყველანაირ დანაშაულზე ქვეყნის შიგნით - ადამიანის უფლებების სისტემურ შელახვაზე, მკვლელობაზე, წამებაზე, დემოკრატიის გაუქმებაზე, მედიების მიტაცებაზე - ეს ამ გარემოსთვის [ტელეკომპანია „იმედისთვის“] მტკივნეული თემა არის. ეს ყველაფერი იმის სანაცვლოდ იყო, რომ ისინი მომსახურებოდნენ უცხო ქვეყნებისა და ძალების ინტერესებს. ეს მიზნები არსად წასულა. ის ძალები ქვეყნის გარეთ - ბრიუსელში თუ ვაშინგტონში კვლავაც ცდილობენ, კვლავ სურთ აგენტები საქართველოს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ამასთან მისი, თქმით, აგენტურული ქსელი არ დაშლილა და ისინი კვლავ მუშაობენ რევანშსა და ძალაუფლების დაბრუნებაზე.
ბაჩო ახალაიამ 9 ოქტომბრის ინტერვიუში აღიარა სხვისი დანაშაული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, თავად კი ამას გაემიჯნა.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.





