ირაკლი ჭეიშვილი: კანონპროექტი დაარეგულირებს ფასებს და შესაბამისად, ის 300%-იანი ნამატი, რაც აქვთ კონკრეტულ პიროვნებებს, აღელვებთ და აწუხებთ
პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კანონპროექტი დაარეგულირებს ფასებს და შესაბამისად, ის 300%-იანი ნამატი, რაც აქვთ კონკრეტულ პიროვნებებს, აღელვებთ და აწუხებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა სურსათის ფასების კლებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს ფასები და უნდა იყოს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანილი.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს ფასები და უნდა იყოს ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანილი. გაიძახიან ევროპას, ოღონდ არ უნდათ, რაღაც რეგულაცია შემოვიღოთ. კანონპროექტი დაარეგულირებს ფასებს და შესაბამისად, ის, 300%-იანი ნამატი, რაც აქვთ კონკრეტულ პიროვნებებს, აღელვებთ და ეს აწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ქაოსს, რადგან მაქსიმალურად ცდილობენ, გააღატაკონ {მოსახლეობა} და გააძვირონ თავიანთი პროდუქტები, რომ მაქსიმალურად მეტი მოგება, სარგებელი ნახონ და არც ერთი წუთით არ ფიქრობენ საქართველოს მოსახლეობაზე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.





