ზვიად შალამბერიძე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებზე: ჩვენ ვდგავართ სიმართლის მხარეს და შესაბამისად, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა იყოს მომავალშიც, რა თქმა უნდა, საქართველო იგივე პოზიციას დაიჭერს, რა პოზიციაც ეჭირა აქამდე
პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ვდგავართ სიმართლის მხარეს და შესაბამისად, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა იყოს მომავალშიც, რა თქმა უნდა, საქართველო იგივე პოზიციას დაიჭერს, რა პოზიციაც ეჭირა აქამდე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებთან დაკავშირებით.
წამყვანმა მას ჰკითხა, „ჰააგის შემდეგ ნიუ-იორკში, თბილისმა კიევს სოლიდარობა ამჯერად გაეროს ტრიბუნიდან გამოუცხადა, საქართველო რეზოლუციას შეუერთდა, ამ ნაბიჯით ქვეყანამ ისევ დაგმო რუსული აგრესია და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტი. საერთაშორისო საზოგადოებას შორის ერთ-ერთი, თუმცა კავკასიაში ერთადერთი. რეგიონში თბილისი მარტოა, ერევანმა რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ბაქო სხდომას საერთოდ არ დაესწრო. რამდენად შეიმჩნია ეს ყველაფერი ოფიციალურმა ბრიუსელმა და შეიმჩნევს თუ არა სამომავლოდ?“
როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, „არ შეუმჩნევია“.
„არ შეუმჩნევია, მოდით ასე ვთქვათ, არც ბრიუსელს და არც უკრაინას ისევე, როგორც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არცერთის. ყველა რეზოლუციას საქართველო უჭერდა მხარს და ეს იყო ათეულობით რეზოლუცია, სადაც უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯი იყო გადადგმული ყოველთვის. არც ერთხელ დაუხევია საქართველოს უკან. თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ არც უკრაინას და არც ევროკავშირს ეს არ შეუმჩნევიათ. ჩვენ ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ეს ვიღაცამ შეიმჩნიოს. ჩვენ ვდგავართ სიმართლის მხარეს და შესაბამისად, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა იყოს მომავალშიც, რა თქმა უნდა, საქართველო იგივე პოზიციას დაიჭერს რა პოზიციაც ეჭირა აქამდე“, - აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.





