შალვა პაპუაშვილი სანქციებზე: ის, რასაც ადრე სჭირდებოდა გაერო, უშიშროების საბჭო და ა.შ., დღეს იმაზეა დასული, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რა ეწყინება და რა არა
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ის, რასაც ადრე სჭირდებოდა გაერო, უშიშროების საბჭო და ა.შ., დღეს მილიონ ორასიათასიან ესტონეთზეა დასული. როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რა ეწყინება და რა არა, იმის მიხედვითაა, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მათ ჰკითხეს, როგორ ხედავს საქართველოსთან მიმართებით სანქციების დაწესებას მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის მიერ ერთ-ერთ მომჩივანი კომპანიისთვის სანქციების დაწესებისას მტკიცებულებების სტანდარტი თითქმის არ არსებობს.
„ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ სანქციებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ არის ისტორიული. უკრაინა ცნობილი იქნა კონვენციის დამრღვევად საქმეზე, როდესაც ერთ-ერთ იურიდიულ პირს დააკისრა სანქციები და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ასე ყოველგვარი მტკიცებულებების, შესაბამისი სასამართლო კონტროლის გარეშე სანქციების იარაღად გამოყენება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. დღეს ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ საქმე გაიადვილონ და პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ სანქციის ინსტრუმენტი სასამართლოს, მტკიცებულებების სტანდარტის, ევროპული კონვენციის გვერდის ავლით, სახელისუფლო დეკრეტებით, ადამიანებს უზღუდავენ საკუთრების უფლებას, აქრობენ საფინანსო სისტემიდან და ა.შ. სანქციები არის სისხლის სამართლის სასჯელთან შედარებითი ღონისძიება, რომელსაც ყოველგვარი სტანდარტის გარეშე იყენებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილებაც არის იმის დასტური, რომ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და რომ ისინი ადამიანის უფლებათა დამრღვევები არიან.
„რაც არის მნიშვნელოვანი ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არის ის, რომ მხილებულია, რომ ე.წ. სანქციები დღეს არის სხვადასხვა მთავრობის მიერ გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად იმისთვის, რომ გვერდი აუარონ სისხლის სამართლის პროცესს, სასამართლო კონტროლს. ის, რასაც ადრე სჭირდებოდა გაერო, უშიშროების საბჭო და ა.შ., დღეს მილიონ ორასიათასიან ესტონეთზეა დასული. როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რა ეწყინება და რა არა, იმის მიხედვითაა. ესტონეთს ტყუილად არ ვამბობ. ესტონეთმა არასასურველ პირებად გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ყველა წევრი. ასეთი მტრული ნაბიჯი როდესაც გადაიდგმება ესტონეთის მთავრობის მხრიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ არასასურველ პირად გამოცხადების, ან სანქციების დაწესების ინსტრუმენტი არის ჩანაცვლებული იარაღი იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





