ვატო შაქარიშვილი აშხაბადში პრემიერის ვიზიტზე: ეს არის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ნაბიჯი
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ აშხაბადში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერის ვიზიტი არის სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ნაბიჯი.
„ეს არის სწორედ ის რეგიონი, რომელთან თანამშრომლობაც ჩვენს ქვეყანას ბევრ სარგებელს მოუტანს. ხელოვნურად, მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება ყოფილიყო კონტროლირებადი, რეგულირებადი ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას არ მისცემოდა საშუალება გაძლიერებულიყო ეკონომიკურად, რადგან ეკონომიკური გაძლიერება შემდგომში უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენული პოლიტიკის წარმოებას. შემდგომ რთული ხდება მისი კონტროლი და შიდა საქმეებში ჩარევა და ეს, რა თქმა უნდა, შესაბამის ძალებს არ აწყობდათ“, - აღნიშნა შაქარაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.





