გიორგი კახიანი BBC-ის სტატიაზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი გვეცოდინება
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი გვეცოდინება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ უნდა გააბათილოს საქართველოს ხელისუფლებამ BBC-ის სტატიაში გაჟღერებული ბრალდებები.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგი გვეცოდინება. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ [გაბათილებას], ვაპირებთ მივმართოთ ინგლისში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას BBC-ის წინააღმდეგ საჩივრით.
ეს იყო ის სიუჟეტი, რომელიც ეფუძნებოდა ვარაუდებს და აღქმებს. რეალურ ფაქტებზე არ იყო დაფუძნებული. მთლიანად მანიპულირება იყო მთელი სიუჟეტი. ქვეყნის გარეთ უფრო რთულია. ნივთიერება კამიტი, რის გამოყენებასაც გვაბრალებენ, არ შესყიდულა და ვერც შეისყიდებოდა. რაც არ არსებობს, იმის შესყიდვა როგორ შეიძლება?! შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება უკვე გააკეთა“, - აღნიშნა კახიანმა.
BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა შეცვალეს. მათი თქმით, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხი საერთოდ არ უკვლევიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების კითხვებს იმ ადამიანებმა უპასუხეს, რომელთა ინფორმაციას და კვლევას BBC დაეყრდნო.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.





