ლევან მახაშვილი BBC-ის ფილმის მონაწილეებზე: როგორც ჩანს, ბევრს წარმოედგინა, რომ შეეძლო, ემატრაკვეცა კამერებთან, ეთქვა ათასი სისულელე, მაგრამ როდესაც სამართლის წინაშე მოუწიათ მათ სიმართლის თქმა, აღმოჩნდა, რომ ისინი იტყუებოდნენ
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა BBC-ის ფილმის მონაწილეებზე.
მისივე თქმით, აღნიშნული პირებისგან საზოგადოება დღეს ისმენს ისეთ განცხადებებს, რაც წარმოადგენს პირდაპირ აღიარებას, რომ მათ „ტყუილების საფუძველზე რაღაც გიჟური დასკვნები გამოიტანეს“.
„როგორც ჩანს, ბევრს წარმოედგინა, რომ შეეძლო, ემატრაკვეცა კამერებთან, ეთქვა ათასი სისულელე, ათასი ტყუილი დაებრალებინა ქვეყნისთვის, მაგრამ როდესაც საქმე-საქმეზე მიდგა და სამართლის წინაშე მოუწიათ მათ სიმართლის თქმა, აღმოჩნდა, რომ ისინი იტყუებოდნენ. ამიტომ არის, რომ დღეს ამ ადამიანებისგან ვისმენთ განცხადებებს - პირდაპირ ეთერში იმის აღიარებას, რომ ისინი ტყუილებს ლაპარაკობდნენ და პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ამ ტყუილების საფუძველზე რაღაც გიჟური დასკვნები გამოიტანეს და ამ დასკვნების საფუძველზე დღეს მიდის საქართველოს რეპუტაციის შელახვა საერთაშორისო არენაზე. ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - აღნიშნა მახაშვილმა.
BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა შეცვალეს. მათი თქმით, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხი საერთოდ არ უკვლევიათ.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.




