რატი იონათამიშვილი: ინიციატივა, რომელიც შევიმუშავეთ, ბავშვს განიხილავს, პირველ რიგში როგორც განათლების ბენეფიციარს და არა როგორც სასამართლოს ბენეფიციარს
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი
ფოტო: Getty Images
ინიციატივა, რომელიც შევიმუშავეთ, ბავშვს განიხილავს, პირველ რიგში როგორც განათლების ბენეფიციარს და არა როგორც სასამართლოს ბენეფიციარს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.
დეპუტატმა განმარტა როგორ იმუშავებს ცვლილებები.
„კანონის მიხედვით, შეიქმნება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც მულტიდისციპლინური ჯგუფი იმუშავებს. ამ ჯგუფში შევლენ სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლები, ექსპერტები. მაგალითად, ბავშვთა ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი. რასაკვირველია, ჩართული იქნება ოჯახი, იმიტომ რომ პოზიტიური მშობლის როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გათვალისწინებული ამ პროცესში. ამ ცენტრს ექნება შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური შეფასებით მიიღოს 2 სახის გადაწყვეტილება: ერთი, რომ მოზარდების ჩართვა განხორციელდეს სპეციალურ პროგრამებში. ეს არის მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამა. და მეორე გადაწყვეტილება, რომელიც უკიდურესი ფორმისა იქნება, არის სასამართლოს გავლით რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსება, სადაც ასევე ორიენტირება იქნება განათლების კომპონენტზე“, - განმარტა იონათამიშვილმა.
ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს. საქართველოში გერმანული კანონის ზუსტი ანალოგი იმოქმედებს.





