ნიკოლოზ სამხარაძე Ipsos-ის კვლევაზე: ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ევროპულ საზოგადოებას აღარ სჯერა თავისი ხელისუფლებების - დემოკრატიას ძირი გამოეთხარა ფეიკნიუსებით, ორმაგი სტანდარტებით, დეზინფორმაციით
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ევროპულ საზოგადოებას აღარ სჯერა თავისი ხელისუფლებების და აღარ სჯერა, რომ დემოკრატია არის ყველაზე კარგი მმართველობის ფორმა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ Ipsos-ის კვლევის შედეგების შეფასებისას.
მისი თქმით, ორმაგი სტანდარტები არა მხოლოდ მხოლოდ საქართველოს მიმართ ჩანს, არამედ ამას ევროპული საზოგადოებაც ხედავს.
„დემოკრატიას ძირი გამოეთხარა ფეიკნიუსებით, ორმაგი სტანდარტებით, დეზინფორმაციით. თითქოს, საერთოდ არ ყოფილა საქართველოში მაგალითად, შარშან ნოემბერში პარლამენტზე შეტევა. თითქოს, არ ყოფილა 150-ზე მეტი დაშავებული პოლიციელი, თითქოს, არ ესხმოდნენ თავს პოლიტიკოსებს და ბევრი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ. ეს ყველაფერი არის ორმაგი სტანდარტები. ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში ჩანს, არამედ ამას თვითონ ევროპული საზოგადოებაც ხედავს და ეს არის, რასაც კვლევის შედეგები გვაჩვენებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.





