მანჯავიძე: ვასალი არ დაემორჩილა სინიორს, როდესაც სინიორს დასჭირდა მტერთან შებრძოლება. იგულისხმება რუსეთთან ჩვენი დაპირისპირება. ბრიუსელს სურს, რომ საქართველოში ეს ხელისუფლება არ არსებობდეს, რომ ურჩობის მომენტი გამოირიცხოს მომავალში
პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
350-ე დღეა რუსთაველს კეტავენ და რუსთაველის გადაკეტვა მიიჩნევა, რაღაც გამარჯვებად და ეს ყველაფერი რეალობაში ხდება და არა რომელიღაც კომიკურ ფილმში. რა თქმა უნდა, მარგინალიზაცია განიცადა ამან და თვითონ ეწევიან თავისი თავის მარგინალიზაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედი მარგინალური ჯგუფების გარე პატრონების მოტივაცია გასაგებია - მათ მითითებებს არ დაემორჩილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და არ ჩაერთო დამანგრეველ ომში რუსეთთან. ამის გამო კი, სოსო მანჯავიძის განცხადებით, ბრიუსელს სურს დასაჯოს საქართველოს ხელისუფლება.
„მათმა ასეთმა მარგინალიზაციამ გამოიწვია გარკვეული, როგორც ჩანს მეთოდების გადახედვის სტრატეგიის ჩამოყალიბება იქ, სადაც უნდათ, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება.
მოტივაცია ვიცით, მოტივაცია ისაა, რომ ვასალი არ დაემორჩილა სინიორს, როდესაც სინიორს დასჭირდა მტერთან შებრძოლება. იგულისხმება აქ, რა თქმა უნდა, რუსეთთან ჩვენი დაპირისპირების და სამხედრო ესკალაციაში ჩართვის მოთხოვნა, რომელიც აშკარა იყო.
ჩვენს გარშემო არსებობს გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, ანუ დიდ აქტორებს შორის არ მომხდარა პოზიციების შეთანხმება იგივე სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში. მიმდინარეობს აქტიური ბრძოლები ამასთან დაკავშირებით იატაკს ქვეშ და იატაკს ზემოთ. ამავე დროს, ჩვენ გვიკავია სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია, გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი ტერიტორია და მთელი რეგიონის ბედი საქართველოს საკითხის გადაწყვეტის გარეშე ვერ იქნება სტაბილური. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ გაურკვევლობაში ვართ. ბრიუსელი დაინტერესებულია, რომ საქართველოში ეს ხელისუფლება არ არსებობდეს. რომ იყოს მათი მარიონეტული ხელისუფლება და ასეთი ურჩობის მომენტი გამოირიცხოს მომავალში, როდესაც დადგება სხვა მომენტები. ახლა მათ გაუშვეს ეს დრო. საქართველომ გადაირჩინა თავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არ ჩაერთო მისთვის დამღუპველ ავანტიურაში. გარდა ამისა, არსებობს შურისძიების მომენტიც. დიდ გაერთიანებებს აქვთ ინსტიტუციური ინერცია და ისინი არ პატიობენ დაუმორჩილებლობის აქტს „ევროპის ბაღს“ იქით - ჯუნგლებში ქვეყნებს“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.




