ლევან მახაშვილი: რეალობა საქართველოში არის სრულიად განსხვავებული და ეს მტკიცდება თავად ევროკომისიის შეფასებებით - ჩვენი მიზანი არ არის უკრაინას დავეტოლოთ, ან მით უმეტეს, მოლდოვას შევედაროთ
პოლიტიკა

ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რეალობა საქართველოში არის სრულიად განსხვავებული და მათ შორის ეს მტკიცდება თავად ევროკომისიის შეფასებებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ტიპის განცხადებები პოლიტიკურ დისკუსიას ემსახურება.
„ეს არ არის ფაქტებზე დაფუძნებული განხილვა თუ შეფასება. ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი შეფასებები. რეალობა საქართველოში არის სრულიად განსხვავებული და მათ შორის ეს მტკიცდება თავად ევროკომისიის შეფასებებით, როდესაც საუბარია მმართველობაზე, ეფექტიან სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით საქართველო წინ არის მოლდოვასა და უკრაინაზე. თუმცა, ჩვენი მიზანი არ არის უკრაინას დავეტოლოთ, ან მით უმეტეს, მოლდოვას შევედაროთ. ჩვენი მიზანია ქვეყანაში მშვიდობა, განვითარება, ქვეყნის მშენებლობა, წინსვლა და კეთილდღეობის მოპოვება“, - განაცხადა მახაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან.





