ვოლსკი: სერიოზული ეჭვები გვაქვს გახარიას მოქმედებებთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩორჩანას საკითხზე, როცა იმ საგუშაგოს აგებდა და რის გამოც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა, საოკუპაციო ჯარის სტრატეგიული პოზიცია კი გაუმჯობესდა
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ საკმაოდ სერიოზული ეჭვები გვაქვს გიორგი გახარიას მოქმედებებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი გახარიას პრემიერობის დროს განვითარებულ პროცესებზე და ამ პროცესებში გახარიას როლზე ისაუბრა.
„საკმაოდ სერიოზული ეჭვები გვაქვს გიორგი გახარიას მოქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩორჩანას საკითხზე, როცა იმ საგუშაგოს აგებდა და ამან გამოიწვია ისეთი საპასუხო ქმედებები, რომლებითაც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა და ასევე მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესდა საოკუპაციო ჯარის სტრატეგიული პოზიცია. გამოძიებამ შეიძლება სხვა დასკვნა გააკეთოს, მაგრამ ფაქტია, რომ შეთანხმება არ მომხდარა [ამ საკითხზე].
არის კიდევ მეორე საკითხი: იმ პერიოდში სერიოზული დაძაბულობა იყო პარლამენტთან. პოლიციელები საათობით იდგნენ შტურმის ქვეშ და ერთმანეთში ჩვენ ვსაუბრობდით - რა მიზანი იყო, რომ პოლიციელები გამოეყვანათ წყობიდან, ან პოლიციის ამ კარდონს ვერ გაეძლო გარკვეული დროის შემდეგ. რასაკვირველია, ამ ოპერაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და ეჭვებიც გაჩნდა.
იყო გაფრთხილებები, ხალხის მომზადება, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს და რევოლუციას ჩაუდგეს სათავეში, ამზადებდნენ ამ რევოლუციის ბუდეს, საიდანაც უნდა აფეთქებულიყო პროცესი და ამ დროს ეს [გახარია] ამბობს, რომ არ უნდა დავაკავოთ მელიაო. ეს გვეუბნება, რომ რამდენიმე დღე უნდა მოვიცადოთ და როცა არ ემორჩილება პოლიცია და აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია, უცებ გამოდის და გადადგომის შესახებ აკეთებს განცხადებას. იქ პოლიცია არ დაზიანდა, ვერ გაარღვიეს კორდონი, მიუხედავად იმისა, რომ დატანჯეს პოლიციელები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ; მერე გამოყენებული იყო ისეთი ძალა, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო და შეიძლებოდა, რომ არ გამოყენებულიყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.





