თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: საქართველოს მთავრობა/არქივი
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„საუბრის დროს განიხილეს უახლესი ვითარება საქართველოში ჩამოვარდნილი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებით. სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
— T.C. Cumhurbaşkanlığı (@tcbestepe) November 11, 2025
მანამდე სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია პრემიერის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.





