არჩილ გორდულაძე: გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას სჩადიოდნენ და სჩადიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა
პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება.
მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, ვინაიდან ყველა ხედავს, რას სჩადიოდა და სჩადის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ.
„გენერალური პროკურორის მიერ გაჟღერებული ფაქტები არ არის ახალი. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას სჩადიოდნენ და სჩადიან სამწუხაროდ, დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. იგულისხმება რა თქმა უნდა საბოტაჟის მცდელობა, დამხობის მცდელობა. ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. რაც შეეხება ამ ფატების სამართლებრივ შეფასებას, ეს არის საგამოძიებო სამსახურების საქმე და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ სამართლიანი სასამართლოს არსებობის შედეგად, თავიანთი პოზიციები დაიცვან სასამართლოში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა, აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





