გიორგი ხუხია
მთავრობა დავით ნარმანიას გერმანიაში ელჩად დანიშვნას არ ადასტურებს
პოლიტიკა

დავით ნარმანია
მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ ეტაპზე უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მოქმედი მერი, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე დაინიშნება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ნარმანიას სამომავლო გეგმებზე და შეთავაზებებზე ინფორმაციას არ ფლობს.
თეა წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას ნარმანიას საქმიანობა შეაფასა და მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ძალიან ბევრ შემთხვევაში კრიტიკის ქარცეცხლში, და ამ კრიტიკის მიუხედავად, გასწია. ვფიქრობ, ამ ადამიანმა ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად, ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, რომელიც უფრო უკეთესად გამოჩნდება, როცა ის მერი აღარ იქნება. ასევე იმედი მაქვს, რომ უკვე მისი შემცვლელი მერი, რომელსაც თბილისელები ნდობას გამოვუცხადებთ. ამ საქმეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ნარმანიას შესაძლო ელჩობა უარყო დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც.
გერმანიაში საქართველოს ელჩად დავით ნარმანიას შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მოქმედი ელჩი ლადო ჭანტურია გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლედ აირჩიეს.




