სოფიკო ბერიძე
კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ დაამტკიცა დასკვნა, რომელიც არის პოზიტიური და ის დაახლოებით შეესაბამება შუალედურ დასკვნას.
"აღიარებულია ის დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა რეფორმის განხორციელების კუთხით. ვენეციის კომისია გამოხატავს წუხილს 2024 წლამდე პრორორციული სისტემის გადავადებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ამაზე ჩვენ უმრავლესობაში გვქონდა განსხვავებული პოზიციები. საბოლოო ჯამში, ოპოზიციის უარის გამო შესაძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მხოლოდ 2024 წლიდან. ეს არის შედეგი, რომელიც დადგა იმის გამო, რომ ოპიზიციამ უარი თქვა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დოკუმენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა. ამიტომ, ეს არის ოპიზიციის "დამსახურება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიის პლენარული სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დასკვნას დაამტკიცეს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებიან.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ვენეციის კომისიაში შეხვედრები გამართეს.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.




