მამუკა მდინარაძე: აგენტებს, რომლებიც სხვების დავალებებს ასრულებენ, ეს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: ქართული ოცნება
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ ქვეყანაში აგენტები, რამდენ კლასტერადაც არ უნდა დაიყონ, რამდენჯერაც არ უნდა დაბრუნდნენ უკან თუ გადავიდნენ სხვაგან, ვერ გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციაში მხოლოდ მაშინ გადავა, როდესაც საზოგადოება დაინახავს ძალას, რომელიც ქართველი ხალხის კარნახით იმოქმედებს.
„ამ ქვეყანაში ჩვენ ხელისუფლებას დავუთმობთ - სულ რომ ხვალ იყოს ან რამდენიმე წლის შემდეგ, მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან აგენტები, რომლებიც ამ ქვეყანაზე ზრუნავენ. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მინუსები, რაღაც პლუსები, მაგრამ უნდა იყვნენ ამ ქვეყნის პატრიოტები. აგენტებს, რომლებიც სხვების დავალებებს ასრულებენ, ეს ქვეყანა არ უნდა დავუთმოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, სრული კონსენსუსი უნდა იყოს, რომ რეალური ევროპული მომავალი, რეალური პატრიოტიზმი, სიმართლე უნდა იყოს გამარჯვებული ყველა არჩევნებში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავალთ ოპოზიციაში, როდესაც ქართული საზოგადოება დაინახავს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ სხვისი კარნახით კი არა, ქართველი ხალხის კარნახით და ქართული, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ქვეყნის რეალური ევროპულობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მდინარაძემ.





