სოფიკო ბერიძე
პარლამენტის რიგგარეშე სხდომას საპარლამენტო უმცირესობა ბოიკოტს უცხადებს
პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა კონსტიტუციური პროექტის განხილვის პროცესთან ბიოკოტის რეჟიმში რჩება. კონსტიტუციური ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტში "ევროპული საქართველო" არ დაესწრება.
ხვალ რიგგარეშე სხდომისთვის ქუთაისში წავა ნაციონალური მოძრაობა. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პარტია საპარლამენტო ტრიბუნას ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოიყენებს.
კონსტიტუციასა და ასევე, აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 26 სექტემბერს, მესამე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. შესაძლოა, ხვალვე ბიუროს სხდომაც გაიმართოს, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას პარლამენტის აპარატმა 24 სექტემბერს გაავრცელა.
„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს“, - წერია განცხადებაში.
19 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის თარიღი დააკონკრეტა.
მისი თქმით, გაუმჯობესებული კონსტიტუცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.





