„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
კანონპროექტებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს. პროცედურის შესაბამისად, კანონპროექტები პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.





