საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენა 26 სექტემბერს გაიმართება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის თარიღს აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ქვეყანას 26 სექტემბრიდან გაუმჯობესებული კონსტიტუცია ექნება.
"ვიმედოვნებ, ვენეციის კომისიის შეფასება ზიანს არ მიაყენებს ამ პროცესს. ველოდებით მათ მეორე, საბოლოო შეფასებას. 26 სექტემბერს, პლენარულ სესიაზე მივიღებთ ცვლილებებს კონსტიტუციაში," - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით გაუმჯობესებული კონსტიტუცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა,
“ჩვენ ვასრულებთ დაპირებას და არ ვაპირებთ მივიღოთ არც ერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურ შეფასებას მიიღებს“, - განმარტავს კობახიძე კობახიძე და რამდენიმეთვიანი მუშაობის პროცესს აჯამებს:
"4 თვე ვიმუშავეთ ყოველდღიურად საკონსტიტუციო კომისიის ფრგლებში, ათობით შეხვედრა ჩავატარეთ. აპრილის ბოლოს დავდეთ დოკუმენტი. შეიქმნა საპარლამენტო სისტემის დახვეწისკენ მიმართული დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, კომისია დატოვა ოპოზიციამ. 5%-იანი საარჩევნო ზღურბლი პარტიებისთვის, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ასევე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევიდან არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი. ახლა პრეზიდენტის არჩევასა და მის მანდატს შორის ბალანსი არ არსებობს. თანაც არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევაზე არა შემდეგი წლიდან, არამედ 2022 წლიდან გადავდივართ, რომ არ ეთქვათ, რომ ეს მმართველი პარტიის ინტერესებში შედის. რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში წინააღმდეგობები იყო. გვაქვს 116 მანდატი, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გვჭირდება 113 ხმა. თუმცა გვყავს 73 მაჟორიტარი და მათი უმრავლესობა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. ამიტომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნების შემდეგ გადაწყდა,"- განაცხდა კობახიძემ.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად 115 ხმით მიიღო.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ “ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე წინასწარ დასკვნას ისინი საქართველოს პარლამენტს 22 სექტემბერს გადაუგზავნიან.





