შალვა პაპუაშვილი: რა კვალიფიკაცია, რა ცოდნა ან რა პრეტენზია აქვს ცენტრ „ემპათიას“, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი აზრი მოახსენოს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დააკვირდით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას. ნებისმიერი ერთობლივი განცხადება აიღეთ არჩევნებთან დაკავშირებით. წაიკითხეთ სია არასამთავრობო ორგანიზაციების. მათ შორის, ზოგის სახელიდან მიხვდებით მათ სპეციალიზაციას, რომ არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად, ცენტრი „ემპათია“, აუდიტორიისთვის მეტნაკლებად ცნობილი. ან რა კვალიფიკაცია აქვს, ან რა ცოდნა აქვს, ან რა პრეტენზია აქვს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას თავისი აზრი მოახსენოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოება განსაკუთრებით, ევროპული გადმოსახედით ძირითადად, ეს არის პროფესიული გაერთიანებები და არის ისეთი ასოციაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან სხვადასხვა საკითხში. შეიძლება, ეს გარემო იყოს, ადამიანის უფლებები ან ცხოველების დაცვა, სამედიცინო სფერო თუ სხვა ნებისმიერი. სამწუხაროდ, საქართველოში ტენდენციაც არ არის. არის გამოკვეთილი რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერში თავს მოიაზრებს სპეციალისტად.
მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ამ კუთხით არის გასაძლიერებელი, რომ მათი სპეციალიზაციის მიხედვით იყვნენ ჩართულები.
„სამოქალაქო საზოგადოება გასაძლიერებელი სწორედ ამ კუთხით არის, რომ მათი სპეციალიზაციის მიხედვით იყვნენ ჩართულები. სამწუხაროდ, ამის ნაკლებობა ნამდვილად არის. მხოლოდ რამდენიმე სფეროზე სპეციალიზებული არასამთავრობო სექტორი გვყავს და არადა ევროკავშირთან დაახლოება ძალიან ბევრ სექტორს გულისხმობს - ძალიან რუტინულ და ტექნიკურ სამუშაოს, სადაც მოსაზრებები ასოციაციებისგან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





