გიორგი კვირიკაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო.
„8 აგვისტო არის საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსათვის. მთელს საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი. რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავხარჯოთ ძალისხმევა, რათა ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ, ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ, ნამდვილად ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველების, აფხაზებისა და ოსებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, ომის შედეგების მიუხედავად, შერიგებას ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ყველა სათქმელი უნდა ვუთხრათ და უნდა შევრიგდეთ. შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავაერთიანებთ ქართველების, აფხაზებისა და ოსების გულებს. არც ქართველებს, არც აფხაზებს და არც ოსებს დასაკარგი შვილი აღარ გვყავს“, - მიმართა ძმათა სასაფლაოზე შეკრებილებს კვირიკაშვილმა.




