ალენ სიმონიანი ბათუმის ტრაგედიაზე: ვწუხვარ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს
პოლიტიკა

ფოტო: სომხეთის ეროვნული ასამბლეა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
სომხური მედიის ცნობით, სამძიმრის წერილით მან ქართველ კოლეგას, კახა კუჭავას მიმართა.
„ძალიან დამამწუხრა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევამ, რასაც მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები. ვწუხვარ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.




