ლავროვმა ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტი მოიწონა
პოლიტიკა

სერგეი ლავროვი
“მოსკოვი მზადაა კონტაქტებისთვის როგორც ქართველ პარლამენტარებთან, ასევე სხვა ფორმატებშიც“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში ქართველი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით. ინფორმაციას Eadaily ავრცელებს.
“რაც შეეხება რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობას, ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მას. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობებისთვის სხვა დონეებზეც.“ - საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეს განცხადებები ბელგიელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ჩვენ ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ, მოვძებნოთ გამოსვალი. ჩვენ მეზობლები ვართ, ბევრი საერთო გვაქვს ისტორიაშიც და დღევანდელ რეალობაშიც. ამიტომაც პარლამენტარების ხაზით ინიციატივებს მივესალმებით“ - განმარტა ლავროვმა.
11 ივლისს "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, რუსეთის სათათბიროში შეხვედრას გარდამტეხი შედეგები მოჰყვა.
რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით, დუმაში საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.





