www.imedi.ge
რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა საქართველო დატოვა
პოლიტიკა

ვლადიმერ პოზნერი
ფოტო: Twitter
რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა, რომელიც საქართველოში სტუმრებთან ერთად თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ქვეყანა დატოვა. თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე აფრინდა.
ის საქართველოდან წასვლას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პოზნერის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს.
გუშინ ღამით აქციის მონაწილეები სასტუმრო „ვინოტელის“ ეზოში შეიკრიბნენ, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის მიმდინარეობისას, გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეებმა სასტუმროში ელექტროენერგია გათიშეს და ითხოვდნენ, სტუმრებს საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინათ.
აქტივისტების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ადამიანის შემოშვება, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორია არ არის, დაუშვებელია. ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.
მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს ვითარდებოდა, ამიტომ, შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმრო „ვინოტელიდან“ „რუმს ჰოტელთან“ გადაინაცვლეს. სასტუმროს, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს, ქატო მიიტანეს და აცხადებდნენ, რომ ყველა რუს სტუმარს საქართველოში შესაბამისად დახვდებიან.




