ლევან კვატაშიძე
ლექვინაძე: ოთარ აბესაძის დაკავება მოულოდნელი იყო
პოლიტიკა

ირაკლი ლექვინაძე
ფოტო: ლევან კვატაშიძე
თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე ოთარ აბესაძის დაკავებას ეხმაურება. მისი განცხადებით, აბესაძის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა დეტალების გარკვევა ახლა გამოძიების კომპეტენციაა.
“ოთარ აბესაძის დაკავება არის სამწუხარო, შეიძლება ითქვას, მოულოდნელიც. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რადგან საბოლოოდ ის იტყვის, რასთან გვქონდა საქმე. თბილისის მერიის პოზიცია არის მარტივი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებული იქნება კანონის გადაცდომასთან და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეაგირება არის მნიშვნელოვანი, რადგან კანონთან ყველა თანასწორია. იმი გარკვევა, თუ რა იყო, როგორ იყო, რა ფაქტს ჰქონდა ადგილი - ახლა გამოძიების კომპეტენციაა“, - განაცხადა ლექვინაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.
აბესაძის დაკავების შესახებ თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ოთარ აბესაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.





