www.imedi.ge
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ - პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია.
მისი მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები. ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო. საპარლამენტო არჩევნებამდე ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2013 წელს კი პრემიერის თანამდებობა დაიკავა. 2019 წლიდან დღემდე ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.





