ელიავას ბაზრობასთან ქუჩის გადაკეტვას სხვა მოვაჭრეები აპროტესტებენ
პოლიტიკა

ელიავას ბაზრობაზე დამწვარი შენობის მოპირდაპირედ მდებარე მაღაზიების თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
ამ მაღაზიების მფლობელთა და თანამშრომელთა თქმით, ხანძრის გამო გადაკეტილია ის ქუჩა, სადაც დამწვარი შენობის გარდა მათი მაღაზიებიც მდებარეობს. ამის გამო ისინი საკუთარი პროდუქციის რეალიზებას ვეღარ ახერხებენ.
დამწვარი შენობის მოპირდაპირედ არსებული მაღაზიების მფლობელები მოითხოვენ, რომ საპატრულო პოლიციამ გახსნას აღნიშნული ქუჩა, რათა მომხმარებლებმა შეძლონ ცეცხლსგადარჩენილ მაღაზიებამდე მისვლა.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისის საღამოს გაჩნდა. მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, 30-მდე სახანძრო მანქანა, 150-მდე მეხანძრე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. დაშავდა 1 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ იყო.
ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ბაზრობის წინ უდუმაშვილი და ზავრადაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო.
შემოსავლების სამსახური მზად არის, დაზარალებულებს ზარალი ჩამოაწეროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.





