ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ არ სურთ მეორე ტურში დამარცხების მიღება და ამის გაფორმება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატები არ მონაწილეობენ.
კობახიძის თქმით, იგივე ვითარება იყო 2016 წელსაც და ეს კინო მათ ნანახი აქვთ.
„მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება. აქედან გამომდინარე, ისინი თავს იკავებენ მეორე ტურში მონაწილეობისგან. უკვე ზედიზედ მეორე არჩევნებია, ისინი ამას აკეთებენ, რაც ბუნებრივია, სწორი ნაბიჯი არ არის და ეს არ არის ის ნაბიჯი, რომლითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.




