გრიგოლ ვაშაძე: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს
პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: Facebook
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“ ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ და არც პარლამენტში შევლენ.
„დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, - წერია გრიგოლ ვაშაძის ოფიციალურ „ფეისბუქგვერდზე“. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.
მანამდე სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს. თავად გრიგოლ ვაშაძე მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.





