პატრიარქმა სასულიერო პირებს დეკანოზის მონახულება დაავალა
პოლიტიკა

გიორგი მამალაძე
პატრიარქის დავალებით, არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული) და მამა კახაბერი (გოგოტიშვილი) ბრალდებულ დეკანოზს მოინახულებენ. სასულიერო პირები ციხეში სავარაუდოდ 27 ივნისს შევლენ.
არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული) დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის ბრალდებას უარყოფს - "კითხვები არ მქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუბარი მამა გიორგის მონახულებას შეეხო, როდესაც ძმამ ზიარებაზე იკითხა. ვუთხარი, რომ პატრიარქმა მონახულება უკვე დაგვავალა".
"ციხეში ზიარების გამო არ შევდივართ. დეკანოზს პატრიარქისთვის რაღაც ამბის გადაცემა სურს. დავილაპარაკებთ", - ამბობს მამა კახაბერი (გოგოტიშვილი).
"საუბარს გვაწყვეტინებდნენ მამა დავითი (ჭინჭარაული), მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერი (გოგოტიშვილი). ვთქვით, რომ 4 თვეა ზიარებას ითხოვს. პატრიარქს რაღაცის თქმა სურდა და ჭინჭარაულმა გააწყვეტინა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.
დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





