დეკანოზის ძმა: პატრიარქმა თქვა, გიორგის ვენდობიო
პოლიტიკა

თორნიკე მამალაძე
ბრალდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს.
"საუბარი იწერებოდა. პატრიარქმა იგივე თქვა, რაც ადრე - გიორგიზე ცუდი არაფერი გამიგია, მას ვენდობი და ეს ყველაფერი საქართველოს დისკრედიტაციააო. უწმინდესი სრულ ინფორმაციას არ ფლობს. საუბარს გვაწყვეტინებდნენ მამა დავითი (ჭინჭარაული), მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერი (გოგოტიშვილი). ვთქვით, რომ 4 თვეა ზიარებას ითხოვს. პატრიარქს რაღაცის თქმა სურდა და ჭინჭარაულმა გააწყვეტინა", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ.
"სანამ არ მიგვიღებენ, მამაოს შვილებთან ერთად საპატრიარქოსთან ვიდგებით", - აცხადებდა 19 ივნისს თორნიკე მამალაძე.
18 ივნისს თორნიკე მამალაძემ თქვა, რომ თანახმა არიან, პატრიარქს ადვოკატების გარეშე შევდნენ - "რადგან ადვოკატებთან ერთად შეხვედრას ვითხოვდით, ეგონათ, ადვოკატების გარეშე შეხვედრაზე უარს ვიტყოდით. როდესაც ადვოკატების გარეშე შეხვედრას დავთანხმდით, იმის მერე გვეუბნებიან, რომ პატრიარქი ხან თბილისშია, ხან ბობოყვათშია, ხან შეუძლოდაა. გვატყუებენ. ოჯახის წევრები ვერ ვახერხებთ შეხვედრას".
7 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკანოზის ოჯახს პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატების მონაწილეობით სურდა. "შესაძლოა უწმინდესს გაუჩნდეს შეკითხვები, რაზეც არ გვქონდეს კონკრეტული პასუხები, ამიტომ არის აუცილებელი ადვოკატების ჩართვა", - ამბობდა თორნიკე მამალაძე.
6 ივნისს პროტოპრესვიტერმა გიორგიმ (ზვიადაძე) განაცხადა, რომ პატრიარქი დეკანოზის ოჯახს შეხვდებოდა.
"შეხვედრა გათავისუფლების ან შეწყალების თხოვნის მიზნით არ გვინდა. გვინდა, უწმინდესმა დეტალები იცოდეს და საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსიროს. ადვოკატებთან პირველ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დეკანოზს ენდობოდა. ილია მეორესთან ერთ-ერთმა მამაომ გვიშუამდგომლა", - ამბობდა თორნიკე მამალაძე.
დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





