ქეთევან ფარცხალაძე
პედაგოგები საგნობრივ გამოცდას აღარ ჩააბარებენ
პოლიტიკა

ალექსანდრე ჯეჯელავა
პედაგოგები, რომლებმაც საგნობრივი გამოცდა ვერ ჩააბარეს, საგანმანათლებლო სისტემაში რჩებიან. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამოცდაზე არაერთხელ გასვლის მიუხედავად, ვერ გადალახეს. უცნობია, რამდენი ასეთი მასწავლებელი ასწავლის სკოლებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი პედაგოგებიდან გამოცდა ჩაბარებული აქვს 22 138 მასწავლებელს, რაც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში დასაქმებული მასწავლებლების მესამედს შეადგენს. სისტემაში სულ 66 701 პედაგოგია. უცნობია, რამდენია მოქმედი მასწავლებელი, რომელმაც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გამოცდაზე 2-3-ჯერ გასვლის შემთხვევაშიც. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ტიპის სტატისტიკას არ აწარმოებენ.
განათლების მინისტრის განცხადებით, საგამოცდო სისტემა უქმდება. "ვთხოვთ გამოცდის ჩაბარებას და არ ვუტარებთ ტრენინგს, უსამართლობაა. დამთავრებული აქვს ძველი სისტემით და ვთხოვთ დღევანდელი პროგრამით, ესეც უსამართლობაა. დგამს ნაბიჯებს განვითარებისთვის და ვთხოვთ გამოცდაზე გასვლას, ესეც უსამართლობაა. ახალ სქემაში გამოცდა საერთოდ არ იქნება, რადგან სირცხვილია, ადამიანს ჩაუტარო გამოცდა, რომელიც ცხოვრებამ ისედაც გამოსცადა, რომელმაც თაობები გაზარდა. ახალი სქემა ყველას მისცემს საშუალებას, დაადასტუროს პროფესიული კომპეტენცია", - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.





