არჩილ თალაკვაძე: გიორგი ანწუხელიძემ თითოეულ ჩვენგანს მისცა მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
„სამშობლო და თავისუფლება - ეს არის ის ღირებულებები, რასაც ჩვენმა წინაპრებმა შესწირეს თავისი სიცოცხლე, მოღვაწეობა და ძალისხმევა და დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა - ადამიანის, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს და თავისუფლებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წარადგინა.
არჩილ თალაკვაძემ გიორგი ანწუხელიძის გმირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა გმირმა მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულის მაგალითი მისცა.
„გიორგი ანწუხელიძემ მისცა მაგალითი თითოეულ ჩვენგანს და მომავალ თაობებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო გასაჭირში. ჩვენ უნდა შევქმნათ უფრო მშვიდობიანი მომავალი, უფრო სტაბილური სახელმწიფო იმისთვის, რათა ჩვენც მივცეთ მაგალითი მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს, თუ როგორი უნდა იყოს მოღვაწეობა მშვიდობის პერიოდში, რათა აღარ დაგვჭირდეს სიცოცხლის და თავის გაწირვა, არამედ ჩვენი შრომით, განათლებით და მიზანდასახულობით მივაღწიოთ და ავიხდინოთ ის ოცნებები, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ და რაც ჩვენ გვაქვს დღეს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპულ ქართველ სამხედროს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.





