ანზორ ბიწაძე: წარმოუდგენელია, ვანო მერაბიშვილი საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვიხილოთ
პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე
ჩვენ არ ვიცით, თუ რომელ პარტიას შეუერთდება ვანო მერაბიშვილი, მაგრამ თუ უერთდება ისეთ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, იმ პარტიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყოს წარმოდგენილი ამ მაგიდასთან, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე „პალიტრის“ ეთერში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას.
ანზორ ბიწაძის განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას და მასთან პარტნიორობა არ შედგება.
„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვიხილოთ ვანო მერაბიშვილი. ჩვენი პარტია კატეგორიულად არ აპირებს არანაირ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან და არანაირი პარტნიორობა მასთან არ იქნება. ჩვენ არ ვიცით, თუ რომელ პარტიას აპირებს რომ შეუერთდეს, მაგრამ თუ უერთდება ისეთ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, იმ პარტიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყოს წარმოდგენილი ამ მაგიდასთან. თავი რომ დავანებოთ მისი წარსულიდან გამომდინარე ვანო მერაბიშვილის ფიგურას, ის განცხადებები რომელიც დღეს გაკეთდა, არანაირ თანხვედრაში არ მოდის იმ მაგიდის ამოცანებთან, რაც საერთო ოპოზიციურ მაგიდას აქვს“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
მისივე აზრით, ის განცხადებები, რომელიც დღეს ვანო მერაბიშვილის მხრიდან გაკეთდა, არანაირ თანხვედრაში არ მოდის იმ მაგიდის ამოცანებთან, რაც საერთო ოპოზიციურ მაგიდას აქვს.
„საერთო ოპოზიციური მაგიდის ამოცანა არ არის ხელისუფლების დამხობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია! დრო შეიცვალა და ამის სურვილი ოპოზიციას და საზოგადოებაში არავის აქვს. ოპოზიცია იმიტომ არის წარმოდგენილი საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, რომ სტაბილურად დემოკრატიული გზით მივიღოთ ნორმალური არჩევნების ჩატარების საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ შევცვალოთ ხელისუფლება. ვინმეს რომ უნდოდეს დესტაბილიზაცია, რევოლუცია და დამხობა როგორც დღეს ითქვა, მაშინ საჭირო არ იქნება ოპოზიციური ერთობა და ჩამოყალიბდებოდა სხვადასხვა ჯგუფი,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე. 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა ამ დრომდე გრძელდება და ბრალდების რიგით მეექვსე საქმეზე განაჩენი მალევე უნდა გამოცხადდეს.





