თბილისის აეროპორტში მგზავრებს „კორონავირუსზე“ ამოწმებენ
პოლიტიკა

თბილისის აეროპორტი
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „კორონავირუსის“ გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები დაიწყო. ეპიდემოლოგების ჯგუფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებიც შეუერთდნენ.
ადგილზე მედიკოსები მგზავრებს, როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ. მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.
ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან აწარმოებს და საქართველოში „კორონავირუსის“ გავრცელების პრევენციისთვის საერთაშორისოდ დადგენილ ღონისძიებებს შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.





