პარლამენტის შენობასთან აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს
პოლიტიკა

დაპირისპირება პარლამენტთან
პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 -ე და 173-ე მუხლებით 3 ადამიანია დაკავებული.
აქცია ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიაზე გამოხმაურება იყო. აქციის მონაწილეები ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები არიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კომპანიას, თუმცა პრევენციული ზომები და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები სახელმწიფომ უნდა განახორციელოს.
მათი თქმით, თუ არ შეიქმნა ეფექტური შრომითი ინსპექცია ისინი პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ.
დღეს, ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში 4 მაღაროელი სიმაღლიდან გადავარდა. ჯერჯერობით სამი მეშახტის დაღუპვას ადასტურებს ტყიბულის დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მომხდარს გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დეპუტატები, სახალხო დამცველი.





