ომბუდსმენი: ვინც ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება, მკვლელია
პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ყველა ვინც ქვეყანაში ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება, მკვლელია.
"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო", - წერს ნანუაშვილი.
დღეს, ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში 4 მაღაროელი სიმაღლიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა.
ჯერჯერობით სამი მეშახტის დაღუპვას ადასტურებს ტყიბულის დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





